Monday, October 20, 2008

ტაო -კლარჯეთის ძეგლები

ტაო-კლარჯეტის ისტორიის მოკლე მიმოხილვა
ტაო-კლარჯეთის სახელწოებით შემოკლებით აღინიშნება ის ძველი ქართული რეგიონები, რომლებიც ამჟამად თურქეთის ფარგლებშია მოქცეული და შეადგენენ ართვინისა, არტაანის,ყარსის და ერზრუმის ვილაიეთებს. ერთ დროს კავკასიაში და მთელ მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერესი ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს თანდათან დაშლის შედეგად, გარეშე მტრების გამუდმებული თავდასხმა-შემოსევებისა და შიდაფეოდალურ აშლილობათა გამო XIV ს-ის დასაწყისიდან ამ ტერიტორიაზე, სამცხე და ჯავახეთის მიერთებით, ჩამოყალიბდა ცალკე ქართული პოლიტიკური ერთეული-სამცხე-სათაბაგო ჯაყელთა ფეოდალური სახლით სათავეში. XIV ს-ში იგი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და დაიკარგა ქართული პოლიტიკური და კულტურული სივრცისათვის.
XIXს-სა -XXს-ის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ ბრძოლით დაიკავა ეს ადგილები და ისინი დროებით კვლავ შემოუერთდა დედა-სამობლოს, მაგრამ 1921წელს თურქეთმა ისევ მიიტაცა ეს მიწები და დღემდე მის ფლობელობაშია,1917 წელს ე. თაყაიშვილი წერდა, რომ ,,თურქეთის მიერ 1921 წელს საქართველოსაგან მიტაცებული მიწა-წყლის საერთო სივრცე 13,072 ათა კვ. კილომეტრს უდრის, ხოლო მოსახლეობის რიცხვი 250.000 აღემატება.” თუ გავიხსენებთ, რომ თანამედროვე საქართველოს ტერიტორია 69,7 ათას კვ. კილომეტრს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა 5 მილიონს ოდნავ აჭარბებს, ადვილი მისახვედრია, რომ ისტორიული საქართველოს მეხუთედზე ოდნავ ნაკლები, თურქეთის შემადგენლობაშია მოქცეული. მაგრამ ,რაც ყველაზე მთავარია, ეს ტერიტორია მოფენილია ძველი ქართული კულტურის პირველხარისხოვანი ძეგლებით, რომელთა ნაწილი მსოფლიო ღირებულებისაა და საკაცობრიო კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

მოსახლეობა და ეთნიკური პროცესი
ტაო-კლარჯეთი არის ის ტერიტორია, რომელიც უძველესი დროიდან ქართველი ტომებით იყო დასახლებული. აქაური ქართველი ტომები ტაოხებისა ჯერ კიდე ძვ.წ. XII-XI და ძვ.წ.IX-VII სს. ასურულ და ურარტულ ლურსმულ წარწერებშია მოხსენებული. აკად. ნ. მარის აზრით, ჯერ კიდევ ,,წინაისტორიულ” ხანაში ამ ტერიტორიაზე ,,იბერ-ჭანები” ბინადრობდნენ, რომელთა კულტურა დაკავშირებულია მეტალურგიის განვითარებასთან თუბალ-კაიანებსა და ხალიბებში და კოლხების ძლიერებასთან, რომელმაც საფუძველი დაუდო თქმულებას ოქროს საწმისზე.
ძვ.წ.II-I სს. ეს მიწები სომხეთის გაძლიერებულმა სახელმწიფომ დროებით შეიერთა, რასაც მოჰყვა. მოგვიანებით,VI ს-ში აქ ლაზების სახელმწიფო შეიქმნა, რასაც IX-Xსს-ში ფეოდალური სახელმწიფოს (,,ქართველთა სამეფოს”,ქართველთა საკურაპალატოს”) ჩამოყალიბება მოჰყვა, როგორც შედეგი აშოტ I ბაგრატიონის პოლიტიკური მოღვაწეობისა და წმ. გრიგოლ ხანძთელის (759-861) მიერ გაშლილი მძლავრი სამონასტრო აღმშენებლობისა.
მთლიანად ამ მხარის-ტაო-კლარჯეთის ეთნიკური ისტორია მრავალ საკითხს უკავშირდება. მეცნიერებაში. მის შესახებ სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს. ასევე მრავლად არსებობს ამ საკითხის შესახებ სხვადასხვა დროის წყაროები. ,,ძვ.წ.XI-XIII საუკუნეებში ასურულ და ურარტულ წყაროებში მოხსენებული ქვეყანა ,,დიაენი-დიაუხი” ფრიად მნიშვნელოვანი ახლოაღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოებრივი ერთეული იყო, შექმნილი ტაოელთა ჰეგემონობით. ტერიტორიულად ოგი მოიცავდა არზრუმის ფართო ზეგანსა და წოროხის აუზს მთლიანად. მისი მოსახლეობა, ძირითადად, ქართული იყო ხურიტული ტომების მცირე მინარევით, რომელიც დროთა განმავლობაში ასიმილირებულ იქნა ქართველთა მიერ.თვით ტაოელები აღმოსავლურ-ქართულ ტომს წარმოადგენდნენ. ცხადია, არ არის გამორიცხული დასავლურ-ქართულ ტომთა აქ არსებობაც, რაც მცირე რაოდენობის სათანადო ტოპონიმის მიხედვით დაიაენ-დიაოხს აკ. გ. გიორგაძე.
II-I სს. სომხეთა ჩამოსახლების დროიდან ჩარჩა ამ მხარის ცალკეულ ადგილებში სომხური მოსახლეობა და შესაბამისად, სომხური ტოპონიმები;,,იშხანი, სატბერდი,მიჯნაძორო...ავე უნდა აღინიშნოს რომ მრვალადაა დღემდე შემორჩენილი ქართველური (ჭანურ-მეგრული) ტოპონიმები:ოპიზა, არტანუჯი,და, მათ შორის ოშკი…..
(,,ტაო-კლარჯეთი ძეგლები”)კახა შენგელია








შატბერდი

IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი. ეს მხარე ძველთაგანვე დასახლებული ყოფილა ქართველური ტომებით: ჭანებითა და მეგრელებით. VIII საუკუნის პირველ ნახევარში მურვან ყრუს შემოსევის გამო ეს მხარე მთლიანად აოხრდა. სწორედ ამით აიხსნება, რომ როდესაც გრიგოლ ხანძთელი აქ მოვიდა, „მას ჟამსა სხუაი მონასტერი არა შენ იყო მათ ქუეყანათა, თვინიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათვის მათ ქუეყანათაისა; რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა მცირედნი იპოვებოდეს და დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ“. VIII საუკუნის 50-იან წლებში აქ დამკვიდრებულან ქართველები და მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზე განუახლებიათ. ოპიზა იქცა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრების კერად. აქ მოღვაწეობდნენ მიქაელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი. ოპიზა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ქართული მწერლობისა, აქ გადაწერილა ბევრი საყურადღებო ძეგლი ამ პერიოდისა და შემდეგი დროის მწერლობისა. მაგალითად, აქ 913 წელს გადაწერილია ე.წ. ოპიზის სახარება.
გრიგოლ ხანძთელმა ააშენა ხუთი მონასტერი: სამი მამათა და ორი დედათა. მათგან შატბერდი აშოტ კურაპალატმა „აგარაკად ხანძთისა“ გააჩინა. მის დროსვე დაარსებულა წყაროსთავის მონასტერიც დავით მიძნაძორელის მოწაფის, ილარიონის მიერ, რომელიც მერე „კათალიკოზ იქმნა მცხეთას“. ამ დროს ეკუთვნის ტბეთის მონასტერი, სადაც ზაქარია ანჩელ ეპისკოპოსს რამდენიმე სასწაული აღუსრულებია.
X საუკუნეშივე უნდა იყიოს აშენებული პარხალის იოანე ნათლისცმემლის სახელობის მონასტერი ჭოროხის ხეობაში. მისთვის იოანე ბერაიას შეუწირავს მის მიერ შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც დღეს პარხალის სახარების სახელითაა ცნობილი.
ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული და სამონასტრო ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენდა ახალი ცენტრი ათონის ივერთა მონასტრის სახით.
იშხანი

და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ“, - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.
იშხანი ცენტრაულ-გუმბათოვანი ტაძრისა და სამნავიანი ბაზილიკის გაერთიანებას წარმოადგენს. თავდაპირველად საბას ტაძარი ნაშენი იყო ოდნავ თლილი პატარა ქვებით, მაგრამ XI საუკუნის I ნახევარში იგი ორჯერ განახლებულა. მეორე განახლება მეფე ბაგრატ IV-ის დროს, 1032 წელს მომხდარა. ამ დროს ტაძრის ყველა კედელი გარედან ლამაზად თლილი წითელ-ყვითელი ფილებით შეიძერწა. ეს დიდი და ძირითადი განახლება იშხნელი ეპისკოპოსის, ანტონის თაოსნობითა და ზედამხედველობით მოხდა, ხოლო ხუროთმოძღვარი იყო ივანე მორჩაისძე.

არტანუჯის ციხე



აკაკი შანიძის განმარტებით, არტანუჯი არტაანის ყურს, ანუ კარს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: „არცა ტანის, არცა უჯისო...“
„არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“, - ამბობდა თურმე ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი.
არტანუჯის ციხის აგება მიეწერება ვახტანგ გორგასალს. ჯუანშერის გადმოცემით, როცა მეფე კლარჯეთიდან ქართლში მოდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „არტანუჯს“ უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხია აგება უბრძანებია. არტავაზმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა“, რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი.
მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში არატნუჯის ციხე დიდ როლს ასრულებს კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოგვიანებით იგი უკვე ქალაქად მოიხსენიება. არტანუჯი მდებარეობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე და ამიერკავკასიას, ბიზანტიასა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა, აქ გადიოდა სამშვილდე-ფარავანი-ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯის გზა. სწორედ ამ გზის საშუალებით უკავშირდებოდა სომხეთის ქალაქები შავ ზღვასა და დასავლეთ საქართველოს.
მერვე საუკუნის 30-იან წლებში, მურვან ყრუმ ტაო-კლარჯეთი და არტანუჯის ციხე ააოხრა. ამის შემდეგ 80 წლის განმავლობაში იგი მიტოვებული და გავერანებული იყო. მემატიანის ცნობით, მიდამო ტყით დაიფარა.
მალე კლარჯეთში ბაგრატიონები მკვიდრდებიან, ტაოში სამონასტრო მშენებლობა იწყება.
მე-9 საუკუნეში აშოტ კურაპალატმა არაბობისგან გაპარტახებული კლარჯეთი აღადგინა და ხელახლა დაასახლა. სუმბათ დავითის ძე გვიამბობს: „პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალსა ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მიერ ბრბოთგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა აგრეთვე ციხედ... და აღაშენა ციხეს ამას შინა ეკლესია წმიდათ მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თვისი და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად“.
მე-9 საუკუნიდან არტანუჯი ხდება დიდი ქალაქი - აქვს რაბატი, ანუ გარეუბანი, დაბა ქალაქი. მე-11 საუკუნეში ბიზანტია-საქართველოს ომში ციხე დიდ როლს თამაშობს და ანტიბიზანტიური კოალიციის ცენტრი ხდება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში არტანუჯს თურქ-სელჩუკები აოხრებენ. მე-12 საუკუნეში არტანუჯი კვლავ მოღონიერდა, შემდეგ მონღოლთა ბატონობასაც გაუძლო. მე-16 საუკუნეში არტანუჯი ისევ თურქთა ხელშია. 1552 წელს, ისქანდერ-ფაშამ დაიპყრო ციხე და სულთნის ტახტს დაუქვემდებარა. შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი და არტანუჯი ამ პროვინციის შემადგენლობაში შევიდა.
მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „არს არტანუჯი ქალაქი მცირე და ციხე მაგარი“.
1878 წელს, სან-სტეფანის ზავით, რუსეთმა შეიერთა ოსმალეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთი.
1918-21 წლებში, ტაო-კლარჯეთი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა. 1921 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, სსრკ-მ თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი ართვინისა და არდაგანის ოლქები. არტანუჯი თურქეთში მოექცა.
არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.
„არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“, - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.
არტანუჯის ციხე მართლაც ისეთ ადგილასაა, მისი მფლობელი მიმდებარე გზებსა და ხეობებს იოლად გააკონტროლებდა. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ციხეზე ახვალთ. ციხე უძირო ხეობებს გადაჰყურებს...